-
-
მოგვწერეთ
„ეს არის ჩემი მეგობრების ღირსების საკითხი, რომ ჩემი სახელის, რეპუტაციისა და ამქვეყნიური უსაფრთხოებისთვის მოქმედნი იყვნენ და ციხესიმაგრე ამიშენონ, სადაც მე დიდი ცრუგანსჯისგან დაცული ვიქნები: მე თვითონ აღარ მსურს ამისათვის თითის განძრევა“. (NF-1885, 2[209]).
„ჩემო მომთმენო მეგობრებო, ამ წიგნს სურს მხოლოდ სრულყოფილი მკითხველები და ფილოლოგები: ისწავლეთ ჩემი კარგად კითხვა! –“ (M-Vorrede-5).
„ყველა დაწერილთაგან მიყვარს მხოლოდ ის, რასაც თავისი სისხლით წერენ. წერე სისხლით: და შენ შეიცნობ, რომ სისხლი სულია. არ არის ადვილად შესაძლებელი, უცხო სისხლი გაიგო: ვერ ვიტან ზარმაც მკითხველებს“ (Za-I-Lesen).
ახალბედა, რჩეულმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ნიცშეს ფილოსოფია, ეს სრულებით ახალი გამოცდილებებისა და იდეების, ახალი ღირებულებრივი განსჯების, ვნებებისა და ჭეშმარიტებების ყველაზე უფრო იშვიათი და ამაღლებული სახეობა, აუცილებლად მოითხოვს მისგან ტირანიული სახის ფილოლოგიას, რომლის დაუნდობელ მოთხოვნათა შესრულება გულისხმობს უმკაცრესი სახის დისციპლინას. გარდა ამისა, ნიცშე ისეთი სირთულის ფილოსოფიურ ლაბირინთს ქმნის, რომ საცინრად იგდებს ნებისმიერ ადამიანს, ახალბედა თუ გამოცდილ მკითხველს, რომელსაც მისი ტირანიული ფილოლოგიის ბრძანებების შესრულება არ შეუძლია. არსებობს ორი ტიპის მკითხველი, რომელსაც ჩვენ ყველაზე უფრო ხშირად ვაწყდებით ნებისმიერ ქვეყანაში. პირველმა არც კი იცის ამ ტირანიული ფილოლოგიის შესახებ და არც მისი მორ- ჩილება ძალუძს, მეორე კი არავისგან არაფრის სწავლას არ კადრულობს და მხოლოდ საკუთარ „ინტუიციას“ და ვიწრო გამოცდილებას ენდობა, არც ამ მორჩილების სურვილი აქვს, არც შეუძლია ამგვარი მორჩილება და ალბათ, არც იცის რაიმე ამგვარი მორჩილების შესახებ.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამდენი ცუდი მკითხველის არსებობა თავისთავად ცუდი მოვლენაა და თავისთავად დასაგმობია. პირიქით, ეს ცალკე გასართობია, როგორც ჩვენთვის, კარგი მკითხველებისთვის, ისე თავად ნიცშესთვის. გარდა ამისა, ცუდი მკითხველების გამოცდილება შემეცნების თვალსაზრისითაც სასარგებლოა. თავად ნიცშესთვის ეს გასართობი ექსპერიმენტიცაა, რომელიც ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორი რეაქცია აქვს დაბალ ნატურას მისნაირ მაღალ ნატურასთან შეხვედრისას (EH Bücher-3).
როგორც უკვე ვთქვით, ამ კომიკურ სანახაობას ორი რამ ხდის შესაძლებელს, ერთი მხრივ, ნიცშეს ფილოსოფიის იდეური და მგრძნობელობითი სირთულე, ხოლო მეორე მხრივ, მისი იდეების ლაბირინთული ფორმაცია, რომლის მეშვეობითაც იგი განსაკუთრებული ავგულობით აკვირდება იმას, თუ რა სასაცილოდ მცდარი დასკვნები გამოაქვთ მისი ფილოსოფიის შესახებ მის „მეგობრებს“, რომელთაც ნიცშეს პიროვნება მის ნიღაბში ერევათ და ჰგონიათ, რომ ნიცშეს განზრახვები მათთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომია, რადგან ნიცშესთან მეგობრობის გამოცდილება მათ დიდ უპირატესობას აძლევს სხვა მკითხველებთან შედარებით (JGB-27, VM-129). აქვე აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ნიცშეს მკითხველთა უდიდესი უმრავლესობა, ყველა მისთვის ნაცნობი და უცნობი მკითხველის ჩათვლით, გარდაუვლად ბრმაა ნიცშეს ემოციური სამყაროსადმი: „მაღალი კულტურა აუცილებლად მცდარად გაიგება“ (MA-281).
ემოციურ სამყაროში ვგულისხმობ, როგორც ნიცშეს თანდაყოლილ და იშვიათ, ასევე მის მიერ შეძენილ აფექტებს, ვნებებსა და გამოცდილებებს, რომლებიც სრულებით უცნობია თანამედროვე ადამიანისთვის და ხშირად – ზოგადად ადამიანისთვის. თუ გსურს იდეას სიღრმისეულად ჩაწვდე, მაშინ მას ემოციურადაც უნდა ჩაწვდე. ნიცშეს თანახმად, აზრები არის თავად ჩვენი გრძნობების გაუბრალოებული, გამარტივებული და დაცარიელებული გამოხატულება (FW-179). რაც შეეხება ემოციურ სამყაროს, ანუ აფექტების, ვნებების და გამოცდილებების ერთობლიობას, ის თავად ჩვენი ლტოლვების ინტერპრეტაციის შედეგია (NF-1886,7[60], M-119). დაბალი კულტურის ადამიანი არ ფლობს მაღალი კულტურის ადამიანის იშვიათ და ძლიერ ლტოლვებს, მაშასადამე, მისი ემოციური სამყარო ღარიბია. მაღალი კულტურის ადამიანი ყალიბდება მდგრადი მაღალი გრძნობების ზემოქმედების შედეგად (JGB-72). ცხადია, მაღალ და ძლიერ გრძნობებში რელიგიური და ისტერიული მდგომარეობები კი არ იგულისხმება, არამედ პირიქით, ძალმოსილებით აღსავსე, თვითდაჯერებული, მბრძანებლური.
თავად ნიცშეს სტილი, რომელიც მისი ემოციური სამყაროს, როგორც ახალი განზომილების გახსნის მცდელობას წარმოადგენს მისი რჩეული მკითხველისთვის, ამავე მცდელობის გამო გარდაუვლად უკეტავს კარს მის მკითხველთა უმრავლესობას. არც სასურველია და არც შესაძლებელი, რომ ავტორი ერთდროულად ესაუბროს მაღალ ადამიანებს და მასის ადამიანებს. ცუდი მკითხველისთვის კარგი წიგნი აუცილებლად გაუგებარი უნდა იყოს (FW-381). თუ ნიცშეს რომელიმე ამოცანა არც დაფარულად არის თქმული და არც გაუგებარი არ არის დაბალი ტიპის ადამიანისთვის, მაშინ მას ეს ამოცანა უთუოდ საზიანოდ მოეჩვენება, ვინაიდან ეს მისი სიცოცხლის პირობის საწინააღმდეგო იქნება: „რაც მაღალი სახეობის ადამიანის გამოკვებას ან ძალების აღდგენას ემსახურება, ძალიან განსხვავებული და დაბალი სახეობისთვის თითქმის საწამლავი უნდა იყოს“ (ჟGB-30). ადვილად წარმოსადგენია, რომ ასეთი მკითხველი მალევე შეშფოთდეს და გაექცეს ნიცშეს წიგნებს.
გარდა ამისა, აფორიზმების ლაბირინთულ ფორმაციაში იმდენად რთულია წიგნის სტრუქტურის ამოცნობა, რომ ყველა მკითხველი, რომელსაც ეჩქარება ავტორის ჩანაფიქრის გაგება, მალევე მიატოვებს მას. ჯერ კიდევ 1879 წელს გამოქვეყნებულ „ადამიანური, ერთობ ადამიანურის“ მეორე ტომში, ხოლო შემდგომ 1887 წელს გამოქვეყნებული „რიჟრაჟის“ შესავალში, ნიცშე ხაზს უსვამს მისი წერის სტილის და აფორიზმთა ლაბირინთული ფორმაციის ერთ-ერთ ფუნქციას - სწორედ არასასურველი მკითხველის დაშინებასა და გაქცევას (M-Vorrede-5, WS-71). ნიცშესთვის ყველაზე მეტად არასასურველი მკითხველი ისაა, ვისაც მისი ამაღლებული ფილოსოფია საკუთარ მდაბიო გამოცდილებებამდე დაჰყავს (EH-Bücher-1-3, WS-71).
ნიცშეს თქმით, ჟან პოლი ამბობდა, რომ „ვულგარულ სულებს აქვთ მახინჯი მიდრეკილება, უღრმეს და უმდიდრეს გამონათქვამებში, ვერაფერი დაინახონ თავიანთი ყოველდღიური აზრების გარდა“ (PHG-7). ასეთი მკითხველის დაბნევა და მისი სასაცილოდ მცდარი დასკვნების კითხვა კარგი გასართობია, მაგრამ განა არსებობს იმაზე უფრო მეტად ანტიკულტურული მოვლენა, როდესაც ასეთი მკითხველი პრეტენზიას ნიცშეს ფილოსოფიის ცოდნაზე აცხადებს და ახალგაზრდა მკითხველების წინაშე ნიცშეს ფილოსოფიის მაგიერ საკუთარ აზრებს წარადგენს?
დღეს უკვე ნათლად ვხედავთ, რომ ამ ვულგარიზაციის საფრთხე თვით ნიცშეს წიგნების ლაბირინთმაც კი ვერ აირიდა. აჰ, სამწუხაროდ, ასეთ მკითხველთაგან საკმაოდ ბევრია, ვისაც არსად ეჩქარება! მათ უყვარდებათ საკუთარი თავი ნიცშეს ფილოსოფიაში და სურვილი უჩნდებათ, რომ საკუთარი ღირებულებები წარადგინონ ნიცშეს ფილოსოფიის სახელით. ნიცშეს მტკიცებით, ნებისმიერი დიადი, არათანადროული, სიკვდილის შემდგომ დაბადებული ადამიანი, უწინარეს ყოვლისა, თავად ნიცშე, იმიტომ ხდება ესოდენ პოპულარული და ავტორიტეტული, რომ მას ვერ უგებენ ეს ერთობ მდაბიური, თანადროული, აწმყოს ადამიანები (GD-Sprueche-15).
ყველა ეს ერთობ თანადროული მკითხველი, ანარქისტი იქნება იგი, ორთოდოქსი, სოციალისტი, კაპიტალისტი, ანტისემიტი, კონსერვატორი თუ ლიბერალ-დემოკრატი, დიდ სიამოვნებას იღებს, როდესაც ნიცშე მათ მტრებს ასე დაუნდობლად აკრიტიკებს. ყველა მათგანი ხედავს, რომ ნიცშე სუფთაა მათი მტრების ცრურწმენებისგან და მანკიერებებისგან. ყველა მათგანი ხედავს, რომ იგი ასევე დიდი ვნებით აკრიტიკებს მათ მტრებს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ნამდვილად არ ესმის, რომ ნიცშე მათ მტრებს მათგან სრულიად განსხვავებული და საპირისპირო მოტივით აკრიტიკებს. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ზოგიერთი ქართველი კომენტატორი, იმდენად გატაცებულია ნიცშეს რიტორიკით, რომ არ სურს ამის მოსმენა. ორივე შემთხვევაში, ჩნდება სიახლოვის ყალბი განცდა. გარდა ამისა, არც ერთ მათგანს არ სურს იმის დანახვა, რომ ნიცშე მათშიც არანაკლებ ცრურწმენასა და მანკიერებას ხედავს, და მათდამიც ზუსტად ისეთივე ზიზღს გამოხატავს, როგორც მათი მტრებისადმი.
საქართველოში ნიცშეს ფილოსოფიის განზრახ გაყალბების პროცესს ცოტა მოგვიანებით წარმოვაჩენ. ახლა უნდა ვუპასუხო მთავარ კითხვას: როგორ უნდა ვიკითხოთ ნიცშეს ფილოსოფია? ბუნებრივია, რომ ჩემი პასუხი ეფუძნება თავად ნიცშეს რჩევებს და ამის საფუძველზე დაგროვილ ჩემს საკუთარ გამოცდილებას.
განსხვავებით ნიცშეს ფილოსოფიის პირველი ფაზისგან, რომლის ესეისტური სტილი პირველი ფაზის ორივე წიგნის - „ტრაგედიის დაბადებისა“ და „არათანადროული მედიტაციების“ აუცილებელ ურთიერთმიმართებას ნათლად და ცხადად წარმოაჩენს, მეორე ფაზა უკვე მთლიანად აფორისტული სტილითაა წარმოდგენილი, ისევე როგორც მესამე ფაზის უდიდესი ნაწილი, „მორალის გე- ნეალოგიაზე“, „ვაგნერის შემთხვევისა“ და „Ecce Homo“-ს გამოკლებით. გარდა ამისა, მეორე და მესამე ფაზა უზომოდ უფრო კომპლექსური და ღრმაა, ვიდრე პირველი. მართალია მეორე და მესამე ფაზასაც აქვს საკუთარი იდეალის ქვეშ გაერთიანებული ამოცანები და მიზნები, მაგრამ ამჯერად, მისი აფორისტული წერის სტილი განზრახ უბნევს თავგზას არასასურველ მკითხველს და იზიდავს მხოლოდ რჩეულ მკითხველს:
„სიფრთხილის სტილი. – A: მაგრამ, თუ ეს ყველას ეცოდინება, მაშინ იგი მათი უმრავლესობისათვის საზიანო იქნება. შენ თვითონ უწოდებ ამ აზრებს სახიფათოს რისკის ქვეშ მყოფებისთვის და მაინც აზიარებ მათ საჯაროდ? B: მე ისე ვწერ, რომ არც ბრბოს, არც ხალხს და არც ყველა სახის პარტიას, ჩემი წაკითხვა არ სურდეს. შედეგად, ეს აზრები საჯარო არასდროს გახდება. A: მაგრამ როგორ წერ აბა? B: არც სასარგებლოდ, არც სასიამოვნოდ – აღნიშნული სამისთვის“ (WS-71).
სამწუხაროდ, არასასურველ მკითხველთაგან ბევრი მოიძებნება, ვისაც არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ ნიცშეს კითხვის უუნარობა აღიაროს და მარადიულად დაემშვიდობოს მას, ყოველგვარი დასკვნის გარეშე, მარადიული მდუმარებით. პირიქით, ბევრი მათგანი ცდილობს, რომ საკუთარი თავგზააბნეულობის მიზეზი ნიცშეს პარადოქსულ აზროვნებას გადააბრალოს, რაზეც ნიცშე მოსწრებულად პასუხობს, რომ „ავტორის ეგრეთწოდებული პარადოქსები, რომელთაც მკითხველი საწყენად იღებს, ხშირად სულაც არ არის ავტორის წიგნში, არამედ მკითხველის თავში“ (MA-185). მათ არ სურთ მათ თავში არსებული პარადოქსების გამო ნიცშეს ფილოსოფიასთან განშორება. მით უკეთესი, თუკი პარადოქსებია, ამბობენ ისინი. ახლა მათ შეუძლიათ აარჩიონ მათ გონებაში არსებული მრავალი ნიცშედან მათთვის ყველაზე უფრო მეტად სასურველი.
პრობლემა იმაშია, რომ მკითხველთა უდიდეს უმრავლესობას ნიცშეს სრულიად ახალი სახეობის და სიმაღლის გამოცდილებებზე ხელი არ მიუწვდება. გარდა ამისა, მათ უდიდეს უმრავლესობას არც ნიცშეს ფილოსოფიის გიგანტური ლაბირინთიდან გამოღწევა შეუძლია. არც ეს ფაქტორი აშინებს ბევრ მათგანს და ნაცვლად იმისა, რომ კეთილსინდისიერად გაეცალონ ტექსტს, საკუთარი ფილოლოგიური მარცხის გამო ნიცშეს ფილოსოფიაზე შურისძიებას ცდილობენ, როდესაც მათთვის ამოუცნობ და მიუწვდომელ ნიცშეს გამოცდილებებს საკუთარ ღირებულებრივ განსჯებსა და ვიწრო გამოცდილებებს უქვემდებარებენ.
მათ ვერაფერი და ვერავინ დაეხმარება და არც არის სასურველი, რომ ისინი ნიცშეს მკითხველებად დარჩნენ. სამაგიეროდ, ახალბედა ნიჭიერი მკითხველისთვის აქ მე წარვადგენ ტირანიული ფილოლოგიის პირველ პრინციპს, რომელსაც ნიცშესთვის არასასურველი ვერც ერთი მკითხველი ვერ დაემორჩილება: 1) ნიცშეს ნებისმიერი წიგნი, იქნება ეს ესეისტური თუ აფორისტული, ერთი მთლიანობის ნაწილად უნდა იქნას განხილული, ერთი მთლიანის კონტექსტში უნდა იქნას წაკითხული. ჩვენ აქ არ უნდა აგვერიოს, როგორც ეს მკითხველთა უმრავლესობას ერევა ხოლმე, მსოფლხედველობის მთლიანობა და სისტემური მსოფლხედველობა. როდესაც ნიცშე სისტემატიზატორებს უნდობლობას უცხადებს და სისტემისადმი ნებას გულწრფელობის ნაკლებობად მიიჩნევს, ამით იგი მსოფლხედველობის მთლიანობას კი არ უპირისპირდება, არამედ კონკრეტულ ფილოსოფოსებსა და ფილოსოფიებს, რომლებსაც სამყაროს შესახებ თითქმის ამომწურავი ჭეშმარიტებები გამოჰყავთ გარკვეული ფილოსოფიური აქსიომებიდან. სისტემატიზატორი ფილოსოფოსები იმიტომ არიან არაგულწრფელები, რომ საკუთარი ნაკლოვანებების გადასაფარად ყოვლისმცოდნეებს თამაშობენ (M-318). სისტემურ მსოფლხედვას აუცილებლად აქვს პრეტენზია მთლიანობაზე, მაგრამ მსოფლხედველობის მთლიანობა აუცილებლად არ გულისხმობს სისტემურ მსოფლხედვას. მთლიანობას ვუწოდებ სხვადასხვა იდეების თეორიული და მგრძნობელობითი ასპექტების ისეთ კავშირს, რომელიც მსოფლხედვის საერთო საფუძველს, საერთო მიზანს, ორგანულობას ავლენს. აქ არ არსებობს დამოუკიდებელი მტკიცება და ფრაგმენტი, რადგან აქ ყველაფერს აქვს თავისი საზრისი მხოლოდ მსოფლხედვის საერთო საფუძველთან და მიზანთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ ნიცშე მთლიანობაზე საუბრობს ჯერ კიდევ პირველი აფორისტული წიგნის - „ადამიანური, ერთობ ადამიანურის“, მეორე ტომში, თანაც არა დასაწყისში, არამედ 128-ე აფორიზმში. თუკი არასასურველი მკითხველი იქამდე გადაიღლება და ვეღარ შეძლებს მეორე ტომის 128-ე აფორიზმამდე მიღწევას, მაშინ მით უკეთესი ნიცშეს ფილოსოფიისთვის. თუკი იგი მაინც მიაღწევს ამ ადგილამდე, ან სულაც შემთხვევით გადაშლის ზუსტად ამ აფორიზმის ფურცელს, ამ შემთხვევაში ნიცშე პირდაპირ ამხელს მის ვიწრომხედველობას: „ახლომხედველთა მიმართ – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფრაგმენტული უნდა იყოს, რახან მე მას ფრაგმენტებად გაძლევთ (და უნდა მოგცეთ)?“ (VM-128).
ნიცშე ფიქრობდა, რომ არც მისი დროის ყველაზე კარგად განწყობილ მკითხველს ჰქონდა საკმარისად შორსმჭვრეტელი მზერა, რათა მისი ნაშრომების ორგანულობა აღმოეჩინა: „მათ რომ აქ სრულიად განსაზღვრული ფილოსოფიური მგრძნობელობის ვრცელ ლოგიკასთან აქვთ საქმე და არა ასობით შემთხვევითი პარადოქსებისა და ჰეტეროდოქსიების გროვასთან, მე მწამს, ეს თვით ჩემმა ყველაზე კეთილმოსურნე მკითხველებმაც ვერ გააცნობიერეს“ (BVN-1888, 974).
ნიცშეს აფორისტული წიგნი არ არის ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი აფორიზმების კრებული. მთელის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი აფორიზმი აზრსმოკლებულია და გაუგებარი, როგორ მკვეთრადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ ჩავწვდით მის შინაარსს და ჭეშმარიტებას. მთელის კონტექსტის გარეშე არც ერთ აფორიზმს არ აქვს რაიმე შინაარსი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭეშმარიტებაზე: „არ არსებობს არავითარი განცალკევებული განსჯა! განცალკევებული განსჯა არასოდეს არის „ჭეშმარიტი“, არასოდესაა ცოდნა; მხოლოდ ურთიერთკავ- შირში, მრავალ განსჯასთან მიმართებაში მიიღება შედეგად უეჭველობა“ (NF-1886,7[4]).
როდესაც ოკერბეკს ნიცშეს დამ გაუგზავნა „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ მეორე ნარილი, ნიცშემ იგი საგანგებოდ გააფრთხილა, რომ მხოლოდ დანარჩენ ნაწილებთან კავშირში გახდებოდა იგი გასაგები. „– წაიკითხე იგი, როგორც მეორე ნაწილი მეოთხისა, ე.ი. გაიგე, რომ ბევრი რამ მასში უპირველესად მთელის აზრით იძენს თავის აუცილებლობას“ (BVN-1883,473).
ნიცშეს მტკიცებით, ნებისმიერი რაღაცის სიმრთელე, იქნება ეს ნაშრომი თუ ადამიანი, ჯანმრთელობის გამოხატულებაა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სახის მკითხველი, რომელიც არამხოლოდ ნიცშეს ნაშრომებს აღიქვამს ფრაგმენტულად, არამედ თვით ერთეულ აფორიზმშიც ფრაგმენტულობას ხედავს, ნებსით თუ უნებლიედ, დეკადანსის დიაგნოზს უსვამს ნიცშეს. პარადოქსულობა, ქაოსი, ურთიერთშეუთანხმებლობა არის სწორედ მაორგანიზებელი ძალის ნაკლებობის შედეგი: „რა არის ნებისმიერი ლიტერატურული décadence[i]-ის ნიშანი? ის, რომ სიცოცხლე მთელში აღარ ბინადრობს. სიტყვა ხდება სუვერენული და წინადადებიდან ხტება, წინადადება ძარცვავს და აბუნდოვნებს გვერდის მნიშვნელობას, გვერდი სიცოცხლეს იხვეჭს მთელის ხარჯზე – მთელი აღარ არის მთელი“ (WA-7).
ნიცშე ასეთ დეკადენტ მკითხველს, რომელიც მთელის ფრაგმენტირებას, საკუთარი გულისთქმით დაბინძურებას და გაყალბებას ცდილობს, ყველაზე უარესს უწოდებს და მოროდიორ ჯარისკაცს ადარებს: „ყველაზე ცუდი მკითხველები არიან ისინი, რომლებიც მოროდიორი ჯა რისკაცებივით იქცევიან: ისინი იღებენ რამდენიმე საგანს, რომელთა გამოყენებაც მათ შეუძლიათ, აბინძურებენ და უწესრიგოდ ყრიან დანარჩენს და შეურაცხყოფენ მთელს“ (VM-137). არასოდეს არ უნდა ეცადო ნიცშეს რომელიმე აფორიზმის გაგებას მისი მონათესავე და მოძმე აფორიზმებისგან დამოუკიდებლად, ისევე როგორც მთელი ნაშრომის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. სხვა შემთხვევაში, თვითნებურად გაიგებ, ანუ საერთოდ ვერაფერს გაიგებ. მხოლოდ საკუთარი ვიწრო გამოცდილების ჭრილში განხი ლული აფორიზმი მთლიანად განძარცული იქნება ნიცშეს ღრმა გამოცდილების შედეგად წარმოქმნილი შინაარსისგან. მართალია, ყველა აფორიზმი არ არის ყველა სხვა აფორიზმთან დაკავშირებული, მაგრამ არც ერთი აფორიზმი არ არის ისეთი, რომელიც სხვა აფორიზმებისგან სრულიად დამოუკიდებელია.
მკითხველთა ყველაზე გავრცელებული შეცდომა, ამავე დროს, ყველაზე უპატიებელიც, არის მცდელობა, ნებისმიერ ფასად მიაღწიონ გაგებას, თუნდაც ეს მთლიანად აცდენილი იყოს ავტორის ჩანაფიქრს. მკითხველს მკაცრი თვითდისციპლინა უნდა ჰქონდეს და არ უნდა ჩქარობდეს ტექსტის გაგებას. მაშასადამე, მან უარი უნდა თქვას, რომ საკუთარი, ნიცშესთვის უკვე გადალახული ღირებულებების დახმარებით გაიგოს ნიცშეს ფილოსოფია. თუკი იგი ვერაფერს იგებს, უმჯობესი იქნება, თუკი საერთოდ არაფერს დაასკვნის. აქ ჩნდება ტირანიული ფილოლოგიის მეორე პრინციპი: 2) ნიცშეს არც ერთი წიგნი არ უნდა იქნას დაქვემდებარებული ნიცშეს ღირებულებებისგან განსხვავებულ ღირებულებებსა და იდეალებს.
წიგნის გაგებისთვის იგივე რამ არის საჭირო, რაც ნებისმიერი სხვა მოვლენის გასაგებად, ამდენად, ფილოლოგიის ნიცშესეული გაგება ყოვლისმომცვლელია და გულისხმობს ნებისმიერი მოვლენის წაკითხვის ხელოვნებას. მკითხველი უნდა ეცადოს, რომ ძალიან ნელა ირეაგიროს მასზე და რამდენიმე ხნით გადადოს განსჯა, სანამ მისი გაგებისთვის აუცილებელი პირობები არ მომზადდება მასში: „ფილოლოგიაში აქ, ძალიან ზოგადი აზრით, ხელოვნება კარგად კითხვისა, უნდა მოვიაზროთ – ფაქტების წაკითხვის უნარი, ინტერპრეტაციებით მათი გაყალბების გარეშე, გაგების სურვილის გამო სიფრთხილის, მოთმინების, დელიკატურობის დაკარგვის გარეშე. ფილოლოგია, როგორც E p h e x i s[ii] ინტერპრეტაციაში: ეხება ეს წიგნებს, გაზეთის ახალ ამბებს, ბედისწერას თუ ამინდის პროგნოზს, – რომ არაფერი ვთქვათ
„სულის ხსნაზე“...“ (AC-52).
ცნობისათვის, შუა და მოგვიანო ფაზის ბევრ წიგნში („ადამიანური, ერთობ ადამიანური“, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“, „კეთილისა და ბოროტის მიღმა“, „კერპების მწუხრი“) სხვადასხვა თემის აფორიზმები სხვადასხვა შესაფერის თემატურ სექციებშია განაწილებული. ასეთ შემთხვევაში, ყოველ სექციას აქვს საკუთარი მთლიანობა და მას მხოლოდ მასში შემავალი აფორიზმების დაკავშირებით აღვადგენთ. ცხადია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სხვადასხვა სექციების აფორიზმებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. პირიქით, ზოგიერთი სექცია სრულიად გაუგებარიც კია სხვა სექციის გაგების გარეშე, ხოლო ზოგიერთი სექცია დამატებით საჭიროებს სხვა სექციიდან რომელიმე ერთ ან ორ აფორიზმს, რათა საკუთარ მნიშვნელობას ნათელი მოჰფინოს. საბოლოოდ, სექციის შიდა აფორიზმებთან კავშირი, სხვადასხვა სექციების აფორიზმთა კავშირი და თავად სექციების ურთიერთმიმართება ქმნის წიგნის ორგანულ მთლიანობას.
შუა ფაზის ზოგიერთი წიგნი („რიჟრაჟი“ და „მხიარული მეცნიერება“) იყოფა არა სექციებად, არამედ წიგნებად, რომლებშიც ძირითადად რომელიმე ერთი მთავარი თემა დომინირებს და აფორიზმთა უმრავლესობას სწორედ ის აერთიანებს. მაგალითად, „მხიარული მეცნიერების“ პირველი წიგნის მთავარი თემა კეთილშობილისა და პლებეის ხასიათთა განსხვავებაა, ხოლო „რიჟრაჟის“ პირველი წიგნის მთავარი თემა ზნეჩვეულებათა ზნეობის ისტორიაა. მიუხედავად ამისა, არის შემთხვევები, როდესაც წიგნში არსებულ წიგნს, მიუხედავად მისი მთლიანობისა, მისი ერთიანი საზრისისა, ერთი გამოკვეთილი ძირითადი თემა არ აქვს, მაგალითად, „რიჟრაჟის“ მეოთხე წიგნს. „რიჟრაჟსა“ და „მხიარულ მეცნიერებაში“ არსებული წიგნები ძალზე მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ამიტომ ნებისმიერ დროს უნდა მოელოდე, რომ რომელიმე მომდევნო წიგნში ისეთი აფორიზმი შეგხვდება, რომელიც წინა წიგნის რომელიმე აფორიზმს დაუკავშირდება.
მაგრამ აფორიზმთა კავშირის რამდენი ტიპი არსებობს? საკმაოდ ბევრი: კავშირი 1) ერთი შინაარსის ინსტრუქციებს შორის, 2) ინსტრუქციებსა და მის აუცილებელ წინაპირობას შორის, 3) გამაფრთხილებელ შენიშვნასა და საგანგაშო ჭეშმარიტებას შორის, 4) კონკრეტულ მიგნებასა და მის პრობლემატიზებას შორს, 5) რაღაც ამოცანასა და მის სირთულეს შორის, 6) რაღაც წანამძღვარსა და დასკვნას შორის, 7) ერთი მოვლენის სხვადასხვაგვარ კრიტიკას შორის და ა.შ
მაგალითად, განვიხილოთ პირველი სამი შემთხვევა. ერთი შინაარსის ინსტრუქციებს მე ვუწოდებ და-ძმა აფორიზმებს. ერთ მხრივ, ისინი შინაარსობრივად და თემატურად ზუსტად ერთსა და იმავეს გადმოსცემენ, ხოლო მეორე მხრივ, ორივე მათგანი ფლობს ისეთ ნიუანსს, რომელიც მეორეს არ აქვს. ისინი ამ საკუთარი ნიუანსებით ერთმანეთს ავსებენ და ნათელს ჰფენენ. ეს ნიუანსი შეიძლება იყოს დამატებითი ინფორმაცია, მინიშნება, მაგალითი, კვალიფიკაცია, გაფრთხილება და ა.შ. და-ძმა აფორიზმის მაგალითად მოვიყვან „ადამიანური ერთობ ადამიანურის“ მეორე ტომის, „მოხეტიალე და მისი აჩრდილის“ 297-ე და 236-ე აფორიზმს. როგორც ხედავთ, ამ და-ძმა აფორიზმებს აშორებს საკმოდ ბევრი აფორიზმი...
სრულად იხილეთ - ლევან კობახიძის წიგნი ნიცშეს 'მორალის გენეალოგიაზე': კეთილშობილური ღირებულებების დასტურყოფა.
[i] (ფრანგ.) დეკადანსი. დეკადანსი არის ძალაუფლების ნების დეგენერაცია და ავადმყოფობის წინაპირობა. დეკადენტის ლტოლვათა ურთიერთგაუგებრობის, მათი ბრძოლის, ქაოტური მდგომარეობის, ცენტრალური მაორგანიზებელი ძალის ნაკლებობების შედეგად მასში აღმოცენდება მისი ძალაუფლების ნებისადმი საზიანო მიდრეკილება. (GD-Streifzuege-35-39) ლტოლვათა ბრძოლისა და ქაოსის შედეგად დასუსტებული ნება ყველა საზიანო სტიმულზე სწრაფად რეაგირებს და მალევე ემორჩილება. (GD-Moral-2, GD-Deutsche-6) (ლ. კობახიძე)
[ii] (ბერძ.) განსჯის შეკავება, რომელსაც ძველი სკეპტიკოსები მიმართავდნენ.